რეფლექსია III


წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ჩავატარე ისტორიასთან ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი თემაზე „აღორძინების ხანა და სულხან-საბა ორბელიანი“. მასში გათვალისწინებული იყო ეროვნული გეგმით მისაღწევი შედეგები. გაკვეთილის მიზნის შესაბამისად მოსწავლეებმა გაიხსენეს წინა კლასებში შეძენილი ცოდნა, ჩამოაყალიბეს საკუთარი აზრი, შეძლეს ლიტერატურული მასალის არგუმენტირებულად განხილვა ისტორიულ ჭრილში.
მიზნის მისაღწევად გაკვეთილში ჩავრთე სხვადასხვა აქტივობა. გამოწვევის ფაზაში გამოვიყენე აქტივობა „სტარტერი“. წინასწარ მომზადებული სლაიდებზე გამოვიტანე მთავარი კითხვები, რომლებზედაც მოსწავლეები მსჯელობდნენ და პასუხობდნენ; ახასიათებდნენ იმ ისტორიულ-პოლიტიკურ და კულტურულ ეპოქას, რომელშიც მოუხდათ მოღვაწეობა აღორძინების ხანის მწერლებს... ასეთმა სამუშაომ მოსწავლეებში გაზარდა ჩართულობისა და მოტივაციის ხარისხი.
მეტად საინტერესო აღმოჩნდა კლასისთვის ჯგუფებში მუშაობა. თითოეულ ჯგუფს წინასწარ ჰქონდა დავალება, მოეძიებინათ მასალა სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფიისა და მისი საზოგადოებრივ-ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ, მე-4 ჯგუფი მუშაობდა იმ ისტორიულ ეპოქაზე, რომელ ეპოქაშიც მოღვაწეობდნენ ის ქართველი მეფე-პოეტები, სწავლული ბაგრატიონები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული ლიტერატურის აღორძინების საქმეში XIII საუკუნიდან დაწყებული XVIII საუკუნის ჩათვლით.
თეორიულ მასალასთან ერთად ჯგუფებს მომზადებული ჰქონდათ ვიზუალური მასალა - სლაიდშოუები, გაზეთები, პორტრეტები, რუკა - სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში...
ჯგუფებმა მეტად დამაჯერებელი, მაღალ დონეზე შესრულებული პრეზენტაციები წარმოადგინეს, თავისუფლად, ნათლად და მკაფიოდ გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს, იცავდნენ დროის ლიმიტს.
შემდეგი აქტივობა იყო მათ მიერვე მომზადებული მასალის გაგება-გააზრება, შემოწმება, რისთვისაც წინასწარ მომზადებული კოგნიტური სქემები დავურიგე ჯგუფებს, თემატიკიდან გამომდინარე სქემები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან (ვენის დიაგრამა, მზე, ისტორიული ჯაჭვი, პირამიდა). მოსწავლეებმა (ჯგუფებმა) ხალისით და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობით შეასრულეს დავალება, ურთიერთთანამშრომლობდნენ. ჯგუფის პრეზენტატორებმა თუმცა მოკლედ, მაგრამ მკაფიოდ და ამომწურავად წარმოადგინეს თითოეული სქემის პრეზენტაცია.
ყველაზე საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა ჯგუფების შეფასება. პირველი ჯგუფი აფასებდა მეორეს, მეორე - მესამეს, მესამე - მეოთხეს, მეოთხე _ პირველს. შეფასებისას იყენებდნენ იმ რუბრიკას, რომელიც ერთად შევადგინეთ (მასწავლებელმა და მოსწავლეებმა) და 3 დღით ადრე, გაკვეთილის ჩატარებამდე, გამოვაკარით კლასში.
შეფასებისას ბავშვები იყვნენ ობიექტურები , კრიტიკულები. თითოეული წინადადება გამყარებული იყო არგუმენტებით. შევაჯამე გაკვეთილი და მოსწავლეებს მივეცი დავალება.

Comments

Popular posts from this blog

სერიები და მწკრივები

ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“

მგზავრის წერილები